- შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ
- 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში მოაწერეს ხელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპის თანამეგობრობა და თითოეული წევრი სახელმწიფო შეთანხმების სრულუფლებიან მხარეებს წარმოადგენენ. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მთავარი მიზნებია: ● მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგისთვის სათანადო სტრუქტურის შემუშავება, რაც პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების საშუალებას უზრუნველყოფს; ● საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაში, ეკონომიკის განვითარებასა და საბაზრო ეკონომიკაზე საბოლოოდ გადასვლაში; ● მხარეებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების, აგრეთვე ჰარმონიული ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა და ამ გზით მათი მყარი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; ● სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, ფინანასური, სამოქალაქო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრა. შეთანხმება ათწლიანი პერიოდით დაიდო, შემდგომში კი ავტომატურად გაგძელდება, თუკი საქართველომ ან ევროკავშირმა არ მოინდომეს მისი შეწყვეტა. ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება დროთა განმავლობაში არ შეიცვლება. ის არ არის უცვლელი სტრუქტურა - პირიქით, შესაძლებელია მისი განვითარება ევროკავშირისა და საქართველოსათვის სასურველი მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოში მიმდინარე განვითრების შესაბამისად, განსაკუთრებით კი საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით. შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ გამსჭვალულია ორივე მხარის სურვილითა და ვალდებულებით, ხელი შეუწყონ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რის შედეგადაც მხარეებს მიეცემათ საშუალება, გააძლიერონ პოლიტიკური, კომერციული და კულტურული კავშირები და გაიკვლიონ გზა შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ. ზემოხსენებულ სფეროებში შეთანხმება ბევრად უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე 1989 წლის შეთანხმება, და ითვალისწინებს სათანადო სტრუქტურას ევროპასთან საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ის პატივს მიაგებს საქართველოსა და მის უახლოეს მეზობლებს შორის არსებულ ტრადიციულად მჭიდრო კავშირებს, რომლებიც, როგორც მხარეებს მიაჩნიათ, მომავალი კეთილდღეობისა და სტაბილურობის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ამიერკავკასიის დამოუკიდებელ ქვეყნებსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის ხელშეწყობას. 1997 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული, შუალედური შეთანხმების დადებით საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო რატიფიცირებამდე, განახორციელონ ამ უკანასკნელის დებულებები, რომლებიც ეხება ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს.Source: რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ?: ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა - [თბ., 2000]
Georgian encyclopedia. 2013.